ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში

18:34, 20.02.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხის შემოწმებას აგრძელებს. მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილა. მათ  დაათვალიერეს  მდინარე რიონზე ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა. 436-მეტრიანი, 8-მალიანი ფოლად-რკინა-ბეტონის ხიდი და ორ კმ-იანი მისასვლელი გზები, წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს. 61 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, „აზიის განვითარების ბანკის“ სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ფინანსდება და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე დაათვალიერა ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

მსგავსი