ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში

18:25, 27.08.2026

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ რამდენიმე პროექტს ადგილზე გაეცნო. ონში საფეხბურთო, ამბროლაურში კი რაგბის ტექნიკური ცენტრები შენდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებაც. სოფელ ბუგეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს შენობის გამაგრებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას.

დასასრულს უახლოვდება სოფელ ჭრებალოს 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც, რაც ბავშვების უსაფრთხოებისა და სრულფასოვანი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოსთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო–ნიკორწმინდის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, მდინარე რიონზე, ახალი სახიდე გადასასვლელიც შენდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 98 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ხიდისა და მასთან მისასვლელი გზების მოწყობა. პროექტის დასრულება 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება. რაჭაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი შოვშიც იმყოფებოდა.

მსგავსი