ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ქუთაისის მერთან დავით ერემაიშვილთან ერთად, ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა. ქუთაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები.