ინფრასტრუქტურული პრობლემები დიდ დიღომში

დიდ დიღომში მდებარე, 221-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ე. წ. მეგა-სკოლამდე მისასვლელი გზა მანქანების მრავალრიცხოვან ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების პერიოდში გაუვალი საცობები იქმნება. მძღოლების ნაწილი იძულებულია ალტერნატიული, კუსტარულად მოწყობილი გზით ისარგებლოს, თუმცა გაუვალ საცობები ამ გზაზეც ყოველდღიურად იქმნება. საგზაო ნიშნების და ტროტუარის არ არსებობის, ასევე ავტომობილების სიმრავლის გამო, სკოლამდე უსაფრთხოდ მისვლა ფეხითაც შეუძლებელია. მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმის პერიოდში მძიმდება. მშობლების განცხადებით, უკვე ორი წელია ისინი მერიას და განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. საკითხთან დაკავშირებით საბურთალოს გამგეობაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ხელაძის ქუჩა, რომელზე გავლაც ყოველ დილით შეუძლებელია, სრულად მოწესრიგებულია. კუსტარული გზა კი, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს, ჩვენი ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ბალანსზეა.

პირველმა არხმა განმარტებისთვის, – იგეგმება თუ არა გზის მოწესრიგება ან პარკინგის გაკეთება ამ ტერიტორიაზე, – განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.