ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა, სექტორში არსებული გამოწვევების შეფასება და სახელმწიფო-კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. რევაზ სოხაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხარისხის სტანდარტების მკაცრ დაცვაზე, გამჭვირვალე პროცესებსა და ეფექტიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საგზაო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის პროექტებზე. მშენებლებს გააცნო სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები, პროექტების მომზადებისა და დაგეგმვის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მომავალი წლიდან სექტორის აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება.