ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამოწვევები, პრობლემები და პრიორიტეტები. ამ მიმართულებებზე ისაუბრა დღეს პარლამენტში უწყების ხელმძღვანელმა რევაზ სოხაძემ. მან პრობლემად პროექტების დაგეგმვის და განხორციელების სუსტი სისტემა დაასახელა. აქცენტი გააკეთა პროექტების შესრულების დაბალ ტემპზე, პროცესის შეჩერებაზე, ვადაგადაცილებასა და ხარისხზე. რევაზ სოხაძის განცხადება გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა გამბედავ ნაბიჯად შეაფასა. მათი თქმით, მინისტრის განცხადება წინა ხელმძღვანელობის კორუფციულ საქმიანობას ამხელს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრების საპასუხოდ რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ მისი გუნდი პრობლემებზე საუბარს არ გაურბის და  კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე სახელმწიფოა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდში სისტემური რეფორმის დაწყებაზეც გაამახვილა ყურადღება. თქვა რომ წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, ასევე სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას.