ინფრასტრუქტურის მინისტრი თურქეთში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, რევაზ სოხაძე თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს ადგილზე გაეცნო. ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ანკარა-ქირიქკალე-დელიჯეს 120-კილომეტრიანი, 6-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი და დეტალურად გაეცნო პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს. მინისტრი, ასევე გაეცნო ანკარას სამხრეთ თურქეთის მიმართულებებთან დამაკავშირებელ ანკარა–ნიღდეს ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძს და თანამედროვე ციფრული კონტროლის სისტემებით აღჭურვილი ფასიანი გზების მონიტორინგის და მართვის ცენტრს. თითოეულ ობიექტზე გაიმართა პრეზენტაცია, თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და პროცესების მართვის პოლიტიკაზე. შეხვედრებზე რევაზ სოხაძემ თურქ კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრ რევაზ სოხაძის შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.