ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის თანამშრომლების აქცია

პრობლემა, რომელიც 11 წლის შემდეგაც მოუგვარებელია.

ინფექციური საავადმყოფოს მომავალი ისევ გაურკვეველი რჩება. კლინიკაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ ექიმები ერთ-ერთ შენობაში არ შეუშვა. მედიკოსები სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.

ყაზბეგის გამზირზე მდებარე 11 შენობა და მიმდებარე ტერიტორია კომპანია „ავერსმა“ 2009 წელს იყიდა. მას შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალმა სხვა შენობაში გადაყვანის დაპირება არაერთხელ მიიღო, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. 11 წლის განმავლობაში კლინიკა იჯარის საფუძველზე ფუნქციონირებდა, ახლა კი მფლობელ კომპანიას საკუთარი ბიზნეს-გეგმის განვითარება სურს და საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება აღარ უნდა.