ინფექციონისტების რეკომენდაციები
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. 2 თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ, აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას. ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.