ინციდენტი პროკურატურასთან

შეხვდება თუ არა ზაზა სარალიძე დღეს ხორავას ქუჩის საქმის პროკურორებს, ეს ცოტა ხანში გაირკვევა.

რამდენიმე წუთის წინ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ნახევარსაათიანი ვადა ითხოვა იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა სამშაბათის ნაცვლად შეხვედრა დღეს შედგეს.

მანამდე ხმაური იყო გენერალურ პროკურატურასთან. ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებული პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ, სარალიძე ეზოში შეიჭრა, რის შემდეგაც მას ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.

პროკურატურამ ცოტა ხნის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

მზად ვართ, საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში, ზაზა სარალიძეს სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს.