საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.