ინციდენტი ონში

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე ამბროლაურის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს „ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენელი მარიამ ვაწაძეც. სწორედ მან გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე უკვე გამოიკითხა ინციდენტის ორი მოწმე და ნიკოლოზ ბაქრაძე, რომელსაც კადრებში ოთარ სირაძე უპირისპირდება. რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. თავად ოთარ სირაძემ კი, დღეს განმარტებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მომხდარს პროვოკაცია უწოდა.