ინციდენტი კახეთში – სასამართლო პროცესი
თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი ჭიღლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. გიორგი ჭიღლაძემ, ქალს ხელი დაარტყა, რის გამოც ის დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქალბატონების მიმართაც თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი კატეგორიის ფაქტი, მიეცემა შესაბამისი რეაგირება.