ინციდენტი გუდაურის სათხილამურო საბაგირო გზაზე

გუდაურში საძელეს მონაკვეთზე საბაგირო გზა დღეს შუადღისით გამოვიდა მწყობრიდან.

არსებული ინფორმაციით, სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რის შემდეგაც ღია სავარძლებიანმა საბაგირომ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო სვლა, სავარძლებიანი კალათები კი გამშვებ სადგურს შეეჯეხა.  ტურისტების ნაწილმა საბაგიროდან გადმოხტომა მოახერხა. სამწუხაროდ რამდენიმე მოთხილამურემ შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო და მძიმედ დაშავდა. გაუმართავობის დროს საბაგიროზე ორსული ტურისტიც იმყოფებოდა. დაშავებულების უმეტესობა უცხოელი ტურისტია.

მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელში თვითმხილველების მიერ გადაღებული ავარიის კადრები გავრცელდა. ინციდენტის დროს საბაგირო უკუმიმართულებით დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მოძრაობდა.

ეკონომიკის მინისტრის ცნობით, კონკრეტულად ამ საბაგირო გზას შემოწმება 22 დეკემბერს ჩაუტარდა.