ინციდენტი დიდუბეში - დაღუპულია მძღოლი

დიდუბეში ინციდენტი ტრაგიკულად დასრულდა. მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა. გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცია. სამაშველო ღონისძიება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობდნენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ მოყვა და ადგილზევე დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.