ინციდენტი „ბასიანთან“

კლუბ „ბასიანთან“ სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირს, ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. გამოძიებამ ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დააკავა. კლუბთან დაჭრილი „ბასიანის“ სამი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი კლინიკაში რჩება და ქირურგიული ჩარევა აღარ იგეგმება. ერთი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობას დღეს მედიასთან სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მომხდარის დეტალებს ყვება და აღნიშნავს, რომ დაცვის წევრების სწრაფი რეაგირების შედეგად, კარი დროულად ჩაიკეტა, რამაც კლუბის სტუმრები თავდასხმისგან იხსნა. რაც შეეხება შემთხვევის მიზეზს, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც დიჯეისთან შელაპარაკების გამო, მას ტერიტორია დაატოვებინეს. ამის შემდეგ კი, ის კლუბთან მიბრუნდა და დაახლოებით ათზე მეტჯერ გაისროლა. გამოძიების ინფორმაციით, ის საკუთარ სახლთან დააკავეს. ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, რამდნიმე დანა და ვაზნები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.