საქართველოში იმუნიზაციაზე მიმართვიანობა დაბალ ნიშნულზე რჩება.
ვაქცინაციის გასააქტიურებლად ჩატარებული აქტივობები ამ ეტაპზე სათანადო შედეგის მომტანი არაა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ვითარება განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის შემდეგ დამძიმდა. პასიურობა ყველაზე მეტად წითელას ინფექციის საწინააღმდეგო აცრების მიმართ შეიმჩნევა. მიმართვიანობა დაბალია პაპილომა ვირუსის ვაქცინებზეც. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების განწყობები და დამოკიდებულება შეცვლილია, რაც სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის წარსულში გავრცელებული და უკვე მივიწყებული დაავადებების ხელახლა აფეთქების საფრთხეს ქმნის. ექიმები გამოსავალს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში ხედავენ. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის გზებია იმუნიზაციის კვირეულის მთავარი თემა.