იმპიჩმენტის პროცესი - პოლიტიკური შედეგები

მთავარი მიზანი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა მიღწეულია, არ შემდგარი იმპიჩმენტი კი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარტიასთან რომლის წყალობითაც პოსტი შეინარჩუნა – ასე აფასებს მმართველი გუნდი პარლამენტში გუშინ განვითარებულ პროცესებს. „ქართულ ოცნებაში“ არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავენ, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილი ამავე პარტიის პირველი ნომერი გახდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან უნებართვო ვიზიტების გაგრძელებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ თუ არა სალომე ზურაბიშვილი, ქართული კონსტიტუციის მიმართ პატივისცემას ევროპელი პარტნიორები მაინც გამოხატავენ და საქართველოს პრეზიდენტს უნებართვო შეხვედრებზე უარს ეტყვიან. ოპოზიცია კი, რომელმაც იმპიჩმენტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, „ქართულ ოცნებას“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს და პროცესს პოლიტიკურ ფარსს უწოდებს.