საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის თურქეთის პრეზიდენტი. „პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდი მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია II-ის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს.“ – წერს გაფაროვა.
საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მართლმადიდებელ საზოგადოებას და ქართველ ხალხს უსამძიმრებენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც წერილში პატრიარქის მოღვაწეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხს, სულიერი ფასეულობების დაცვას და სხვადასხვა რელიგიურ თემებს შორის მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. მისმა საქმიანობამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის, ერთიანობისა და ჰარმონიის გარემოს განვითარებაში. საქართველოს აზერბაიჯანელთა მიერ დაგეგმილი ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია გარდაცვლილის ხსოვნის პატივისცემისა და საერთო გლოვის განცდის გაზიარების მიზნით“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს.“ – წერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. „რენესანსის ეპოქის პატრიარქი“ – ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. წერილში აღნიშნულია, რომ ილია II-მ საპატრიარქო ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა. საბჭოთა კავშირის უღმერთო კომუნისტურმა არეულობამ, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ძალით წაართვა; ილია მეორის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა და საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი დაიკავა. უნეტარესი პატრიარქის, ილია II-ის სიყვარული, კვიპროსის ეკლესიის მიმართ ყველაზე ნათლად გამოიხატა მისი მომლოცველობითი ვიზიტის დროს ჩვენს კუნძულზე, 2014 წლის ოქტომბერში, კვიპროსის უწმინდესი მთავარეპისკოპოსის, მისი უწმინდესობის, ქრიზოსტომოს II-ის მოწვევით. კვიპროსის ეკლესია გულთბილ სამძიმარს უცხადებს თანამოძმე საქართველოს ეკლესიას, მის სასულიერო პირებსა და ხალხს და ლოცულობს, რომ უფალმა დაამკვიდროს ნეტარი პატრიარქის სული მართლთა სავანეში.
მეუფე შიოს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ მეორემ, რომელმაც ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“. „განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ, ბელგრადში საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი ჩაატარა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა. ლოცვის შემდეგ პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს , წმიდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს. მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა – ილია მეორე „საყვარელ ძმად” , ქართველი ხალხის „ დაუვიწყარ მამად„ და „მთავარეპისკოპოსად“ მოიხსენია, მის სულიერ მემკვიდრეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა, რომელმაც საქართველოში წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის წარმომადგენლობის სახელით მიუსამძიმრა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს. ანტე იოზიჩი ილია მეორესთან თავის პირველ შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით, განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
სამძიმრის წერილს აგზავნის ტირანას, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანეც, რომელიც ილია მეორეს „უძვირფასეს ძმად და თანამოსაყდრედ“ მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პატრიარქი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს ეკლესიას „სიბრძნით, მოთმინებით და ღრმა რწმენით“, გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით, მრევლისადმი სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით. მთავარეპისკოპოსმა იოანემ. სამძიმრის წერილში აღწერა პატრიარქის მოღვაწეობის რთული ისტორიული გარემოებებიც. „ილია II-მ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას“, – ნათქვამია წერილში.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ, ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.