ილია მეორე – 1933-2026 – სამძიმრის წერილები
ილია მეორის ავტორიტეტი, მისი ნდობა და გავლენა ქვეყნის ფარგლებს სცდება. საქართველოს სულიერი წინამძღოლის გარდაცვალებას უსამძიმრებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პოლიტიკოსები, პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ავტოკეფალიური ეკლესიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართ უდიდეს სიყვარულს, პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავენ და მის ეპოქალურ, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ, თითქმის ნახევარ საუკუნოვან მოღვაწეობას და მის მიერ დატოვებულ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობას იხსენებენ. საუბრობენ პატრიარქთან შეხვედრებზე და ამ შეხვედრებზე მოსმენილ ისტორიებზე და ბრძნულ რჩევებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ილია მეორის წვლილს სხვადასხვა ერის და ეკლესიების დაახლოებაში, იხსენებენ მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნისთვის რთულ პერიოდებში. საელჩოებში გახსნილია სამძიმრის წიგნი. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, დღეს სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპის და საქართველოს დროშები დაუშვეს. ქვეყანამ სამძიმრის წერილი მიიღო რომის პაპისგან. საქართველოს მიუსამძიმრა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეგიონულმა ხელმძღვანელმაც, რომელმაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის, კოვიდ-პანდემიის დროს ილია მეორისგან მიღებული რჩევები გაიხსენა.