ილია მეორე - 1933-2026 - სამძიმრის წერილები  

უნგრეთის პრეზიდენტმა, მიუსამძიმრა ქართველ  კოლეგას. უნგრეთიდან  ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარ საუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა. წერს უნგრეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმაც მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო,“ – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში.
სამძიმრის წერილს უგზავნის პრეზიდენტს  ბელარუსის პრეზიდენტიც. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. მისი უწმინდესობის, ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას. მარადიული ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში,“ – აღნიშნულია წერილში.
სამძიმრის წერილს უგზავნის ქვეყნის პრემიერს აზერბაიჯანელი კოლეგა. ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი. მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა საკუთარი ხალხისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთგულ მსახურებას. კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მან მილიონობით ადამიანის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.  ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში. ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ – აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა.  გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღო.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას.  ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში. ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი სამძიმარი“, – ნათქვამია სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმრის ტექსტში.
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე მშვიდობით განისვენოს. წერია განცხადებაში.
ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. მშვიდად განისვენოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.
კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი  მარკ უოკერი. “ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს, პატრიარქის, რომელიც იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფალ აღმსარებლობას საბჭოთა კავშირის მიერ რწმენის განადგურებისა და თავისუფლების ჩახშობის მცდელობების ფონზე.” – წერს მარკ უოკერი.
ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს  ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. “ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქის ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს. , ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა. „მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში,“ – აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის სამძიმრის წერილი მიიღო პრემიერმა. 2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის განსაკუთრებული პატივი, რამაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ, რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს. განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ. გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში რომელსაც ჰანს კლუგე აგზავნის.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი სამძიმრის წერილს უგზავნის ირაკლი კობახიძეს. ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში. მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება,“ – აღნიშნულია წერილში.