ილია მეორე – 1933-2026 – მოქალაქეთა ნაკადი სიონში 

21:12, 23.03.2026

საქართველო ილია მეორის გარეშე. ქვეყნის 141-ე პატრიარქი თბილისის უძველეს ისტორიულ ტაძარში განისვენებს.

დილიდან სიონში ხალხის ნაკადი არ წყდება. ადამიანები უწმინდესისა და უნეტარესის საფლავთან მიდიან და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ერის სულიერი მამის სამუდამო განსასვენებელი ტაძრის ჩრდილოეთით, კანკელთან მდებარეობს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ილია მეორე მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარში დაკრძალეს. სწორედ ამ უძველეს ტაძარს უკავშირდება ქვეყნის სულიერი წინამძღოლის მოღვაწეობის დიდი ნაწილი. სამების საკათედრო ტაძრის აშენებამდე ილია მეორე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, სიონში აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. ამ ტაძარში დაკრძალვა ილია მეორის სურვილი იყო. თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქთან გამომშვიდობება ვერ შეძლო, შეუძლია, მის საფლავთან მივიდეს. ეს შესაძლებლობა მრევლს 40 დღის განმავლობაში ყოველდღე, დილის 8:00 საათიდან ღამის 10:00 საათამდე ექნება. მგალობლებთან ერთად სიონის ტაძარში ყოველდღე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდებს გადაიხდიან.

მსგავსი