სიონის ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. კათოლიკოს-პატრიარქის საფლავთან მოქალაქეები ამ წუთებშიც მიდიან.
დღეს ილია მეორის გარდაცვალებიდან ერთი კვირა გავიდა. უწმინდესის და უნეტარესის სამუდამო განსასვენებელთან სასულიერო პირები სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ყოველდღე ატარებენ და ასე გაგრძელდება 40 დღის განმავლობაში. ხვალ, გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, სიონში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მიბრძანდება და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. სიმბოლურია, რომ ხვალ, 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღია – 109 წლის წინ აღდგენილი ავტოკეფალიის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ 1990 წელს აღიარება სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დამსახურებაა. მისი მრავალწლიანი დაუღალავი შრომითა და დიდი ძალისხმევით მოხერხდა ამ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება. სიონში პანაშვიდები ყოველდღე, დილის რვა საათიდან მიმდინარეობს – ტაძარში მიდიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ილია მეორის ხსოვნას პატივს მიაგებენ დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ნაწილს საქართველოს სულიერ წინამძღოლთან პირადი ურთიერთობები აკავშირებდა.