ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, პრემიერი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის და ასეთად დარჩება ყოველთვის“, – წერს მთავრობის მეთაური.

ილია ჭავჭავაძის იუბილე განსაკუთრებულად მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში აღინიშნება. საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის შესასვლელში მდებარე განახლებული ბარელიეფი ყვავილებით შეამკეს. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში კი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბიუსტი გაიხსნა. ილიაობის დღესასწაულზე ასევე ხელი მოეწერა ლატვიის ქალაქ ტუკუმსის მხარესა და ყვარელს შორის მეგობრობის მემორანდუმს. ილიას ტბაზე კი, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობა, დასახელდებიან საპატიო ყვარლელები. ილიაობის დღესასწაულს კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.