ილჰამ ალიევის განცხადება და სომხეთის პრემიერის გამოხმაურება

სომხეთი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება. ეს განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან ილჰამ ალიევმა გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამერიკაში დადგა სოროსის ეპოქის დასასრული, ამგვარად სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სოროსის მიმდევრები ფაქტობრივად კარგავენ პოზიციებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სომხურ მხარეს იანვარში საზღვრის დელიმიტაციის   კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება შესთავაზეს. ამავე ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ სომხეთი ფაქტობრივად, არის საფრთხის წყარო რეგიონისთვის.

ილჰამ ალიევის განცხადებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პასუხობს. ფაშინიანის თქმით, ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში ესკალაციისთვის გამართლება ჰქონდეს. ფაშინიანის თქმით, ერევანი აპირებს მიყვეს მშვიდობიან სტრატეგიას და თანმიმდევრულად განაგრძობს სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას.„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიის, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვისუნარიანი არმია.