ილჰამ ალიევის განცხადება
აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასა და მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ილჰამ ალიევმა განცხადება გააკეთა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო და ოფიციალურ მოსკოვს საკითხის მიჩქმალვა სურს. ილჰამ ალიევი რუსულ მხარეს დანაშაულის აღიარებისკენ, დამნაშავეები დასჯისა და მგზავრებისთვის კომპენსაციების გადახდისკენ მოუწოდებს. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მოთხოვნები 27 დეკემბერს რუსეთს ღიად ეცნობა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან განიცადა კატასტროფა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.