ილჰამ ალიევი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ზაგულბას სასახლეში გაიმართა.