უკრაინელები კონტრშეტევით თანდათან წინ მიიწევენ და მოკავშირეები უნდა ენდონ უკრაინის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.
„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე, სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა ისევ და ისევ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.