იენს სტოლტენბერგის განცხადება

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის პორტებთანდაუბრკოლებელი წვდომა და აზოვის ზღვაში გემების გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოს.

„უკრაინული გემებისა და ეკიპაჟის წევრების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს გუშინ დაკავებული მეზღვაურები და დააბრუნოს გემები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ეს ინციდენტი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომია, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეიარაღებული მებრძოლების მხარდაჭერა და გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას და მთელი რეგიონის სტაბილურობას უთხრის ძირს.