იენს სტოლტენბერგი თბილისში შეხვედრებს მართავს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას ეცნობა.

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი სწავლების კონტროლის ცენტრს მოინახულებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ასევე, ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვევა, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობით ბრიფინგს მოისმენს.

სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება.

წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გენერალურ მდივანთან ერთად პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრიც იმყოფებიან.