იარაღი საპროტესტო აქციაზე - აღკვეთის ღონისძიება

მამაკაცს, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე იარაღით გადაადგილდებოდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მიხეილ ლეშკაშელს სახელმწიფო ბრალდება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. ადვოკატი სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იარაღის კოლექციონერია, დაკავების მომენტში კი ის სანადიროდ მიდიოდა და აქციასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად 22 სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.