იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება

იაპონიის მთავრობა საქართველოში კიდევ სამ პროექტს განახორციელებს. საგრანტო პროექტების  ხელმოწერის ცერემონია იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

იაპონიის მთავრობა 88 500 დოლარით დააფინანსებს თბილისში სამედიცინო ცენტრის მშენებლობას, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები ქიმიოთერაპიის შემდგომ რეაბილიტაციას გაივლიან. მსგავსი ცენტრი კავკასიის რეგიონში პირველი იქნება.

ასევე 86 242 დოლარი გამოიყოფა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანის შესყიდვისთვის. მანქანებით ცეცხლის ჩაქრობა რთულად მისასვლელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

იაპონიის მთავრობა 61 ათას დოლარს გამოყოფს გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის, ტექნიკის შესაძენად. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში.