იაგო ხვიჩია დემურ დვალიშვილის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის ხელნაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

იაგო ხვიჩიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ ჩანაწერებში აღრიცხულია ვისზე და რა ოდენობით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებებით სესხების გაცემა.

რომან გოცირიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ მას ეს ჩანაწერები ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს პირადად აქვს ნანახი. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჩანაწერები, შესაძლოა, შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას კუპონის გაუფასურებაზე, პრივატიზაციის გზით ქონების ხელში ჩაგდებასა და ადამიანების მიერ წლების განმავლობაში ნაგროვები საბჭოთა ანაბრების სახით დანაზოგის გაქრობაზე.

იაგო ხვიჩიას თმით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერები უნდა გაასაჯაროოს.