იაღლუჯას მთაზე მიწების რეგისტრაციის პროცესი იწყება
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება. საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები. სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა არ სჭირდებათ. დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც შესაძლოა, აუცილებელი გახდეს.