ჰუმანიტარული დერეფნები

სუმიდან პოლტავის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი დღესაც გახსნილია. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქი სუმი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის ძალების მიერ.

მხოლოდ ორშაბათს, რუსეთის საჰაერო დარტყმებს ქალაქში 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი. ამასთან რუსული მედია ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი დღეს მზადყოფნას აცხადებს, ადგილობრივ დროით დილის 10:00 საათიდან ე.წ. სიჩუმის რეჟიმი დაიცვას და რამდენიმე უკრაინული ქალაქიდან, მათ შორის კიევიდან ჰუმანიტარული დერეფნები უზრუნველყოს.

რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას უკრაინის დედაქალაქ კიევიდან და მიმდებარე დასახლებებიდან, ასევე ჩერნიგოვოდან, სუმიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით. რუსეთის ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს უკრაინის ხელისუფლება. „რთულია, ოკუპანტს ენდო,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.