ჰორმუზის სრუტის გახსნიდან 24 საათიც არ შესრულებულა, ირანი კი მის ხელახლა დახურვაზე ალაპარაკდა. მიზეზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა და ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებია. როგორც ირანის სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, სრუტე დაიხურება, რადგან ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ხოლო აშშ-მა „ომის დასრულების შესახებ დროებითი შეთანხმების“ პირველი პუნქტი არ შეასრულა. ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები დღეს განახორციელა. მომხდარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ჰორმუზის სრუტეს ბევრი გემი ტოვებდა და ნავთობის ფასებიც მალე დაეცემოდა. ტრამპმა ისრაელის პრემიერზეც ისაუბრა, მას მეომარი უწოდა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს სათანადო დაფასება ეკუთვნის. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა ირანთან დასკვნითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე მოლაპარაკებები გამართოს. აშშ-სთან მოლაპარაკებების მიზნით შვეიცარიაში დელეგაციას გაგზავნის ირანიც.