„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. მასში საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში მიმოხილულია გასული წლის მოვლენები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია არაერთგვაროვანი რჩებოდა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით დაძაბულობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სცადა „უცხოური აგენტის“ შესახებ კანონის მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას გამოუთხრიდა ძირს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დარღვევებზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა კვლავ შენარჩუნებული იყო. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და თავდასხმებს, ასევე უსამართლო შრომით პირობებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა სტრატეგიამ არ მოიცვა ლგბტ პირების უფლებები. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2023 წელს აღნიშნეს პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა. ასევე ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარასა და თავდასხმას ჰქონდა ადგილი.  ამასთან, Human Rights Watch-ის ანგარიში პარლამენტის მიერ მიღებულ მედიის აკრედიტაციის წესსაც ეხება.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ რიგით 34-ე ყოველწლიური ანგარიში აჯამებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2023 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ის ასახავს ინტენსიურ საგამოძიებო სამუშაოს, რომელიც წლის განმავლობაში „ჰიუმან რაითს ვოჩის“ თანამშრომლებმა შეასრულეს, ხშირად ადგილობრივ უფლებადამცველ აქტივისტებთან მჭიდრო პარტნიორობით.