„ჰიუმან რაითს ვოჩის“ შეფასებით, საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „პოლიციელები სპეცრაზმის აღჭურვილობას ატარებდნენ ან იყვნენ შავ ნიღბებში, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს წაუყენა ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და გაასამართლა ისინი ზედაპირულ სასამართლო პროცესებზე, მაშინ როცა არ გადადგა ეფექტური ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად“, – აცხადებენ უფლებადამცველი ორგანიზაციაში. როგორც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკისმომგვრელია. „აშკარად შურისძიების ხასიათს ატარებს და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების მხრიდან მათი პასუხისმგებლობის დაყენების უუნარობა მიუთითებს, რომ მათ ან ნება დართეს, ან თვალი დახუჭეს ძალადობაზე“, – განაცხადა ჰიუ უილიამსონი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, „მიუხედავად იმისა, რომ იყო იზოლირებული შემთხვევები, როდესაც დემონსტრანტები პოლიციის ძალადობის საპასუხოდ ისროდნენ წყლის ბოთლებს და ფოირვერკებს, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი რჩებოდა. „ ანგარიშის მიხედვით, სპეცრაზმმა, ისევე როგორც სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, ასევე სცემეს ოპოზიციური მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მედიის მუშაობას. „საქართველოს ხელისუფლებამ ამასობაში განაცხადა, რომ მედლებით დააჯილდოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მათი როლის გამო. ამ თანამდებობის პირების დაჯილდოება გამოძიების მიმდინარეობისას მიუთითებს, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის ვალდებულების უგულებელყოფაზე “, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიებები არჩევნების შემდგომ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემონსტრანტების ცემისა და ძალადობის ავტორიზებასა და განხორციელებაზე. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის. – წერია „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებაში.