ჰესების მშენებლობა - ექსპერტების შეფასებები

იყო თუ არა პანკისის მოსახლეობასთან ჰესის აშენებაზე შეთანხმება მიღწეული გუშინ დილით, ანუ მაშინ, როცა ხეობაში მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო ტექნიკა პოლიციელების თანხლებით შეიყვანეს, რატომ გახდა მოგვიანებით ხეობაში სპეცრაზმის შესვლა საჭირო და რამ გამოიწვია დაპირისპირება, რაც საბოლოოდ რეზინის ტყვიების, ხელჯოხების, ქვების სროლით და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დასრულდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც დილიდან სხვადასხვა უწყებას განმარტებების გაკეთება უწევს.

სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები ჰესის აშენებაზე რაიმე შეთანხმების არსებობას უარყოფენ, სამშენებლო კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ ადგილობრივებთან ჰესის საკითხზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საუბარია ხუთმეგავატიანი სიმძლავრის ჰესზე, „ხადორი 3-ზე“, რომელსაც კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ ალაზნის პირას აშენებენ.

ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო კომპანიასთან ერთად ჰესის აშენებით მისაღებ სარგებელზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი სიმძლავრის ენერგოობიექტი გარემოსთვის საფრთხისშემცველი არ არის. მინიშნებები კეთდება პროცესში გარე ძალების შესაძლო ჩართულობაზე და მიზანმიმართულ პროვოკაციაზეც.