ჰესების მშენებლობა და გამოწვევები 

რამდენიმეთვიანი პროტესტის და აქციების შემდეგ „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

თურქულ-ნორვეგიული კონსორციუმის მენეჯმენტი ჰესის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და ნებართვების მოპოვების თუ მშენებლობის პროცესში რაიმე ხარვეზს გამორიცხავს, თუმცა კითხვების მოსახსნელად დამატებით კვლევებს ატარებს. კაშხლის სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც დამოუკიდებელი ექსპერტები მის უსაფრთხოებას თავიდან ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დაადასტურებენ. კომპანია ჰესის გარშემო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობას არ უარყოფს და პროექტის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად მზად არის. ხელახალი დასკვნის გამოქვეყნებამდე „ნამახვანჰესის“ გარშემო პოზიციები ისევ იყოფა. მაშინ როცა ხელისუფლება და ექსპერტების ნაწილი საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისთვის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, ჰესის მოწინააღმდეგეები გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების საფრთხეზე მიუთითებენ.