აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული და სასამართლოს მიერ რამდენიმე საათში შეჩერებული გადაწყვეტილება.
რეზონანსული აღმოჩნდა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღებას უკრძალავს. შესაბამისი სერთიფიკატის გაუქმება უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა – სამართლებრივი დავის დაწყების მიზეზად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კანონდარღვევას ასახელებს და თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას შურისძიებას აცხადებს. თავის მხრივ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასწავლებელს კანონის შეუსრულებლობას და ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობას ედავება. ეს პრესტიჟული უნივერსიტეტის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების პირველი შემთხვევა არ არის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასწავლებელმა პრეზიდენტის რამდენიმე, მათ შორის უნივერსიტეტის მმართველობით სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა.