ჰანს კლუგეს ვიზიტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოში კლინიკური სექტორის მუშაობას ეცნობა. დღეს ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ესტუმრა, სადაც ინფიცირებული პაციენტები არიან მოთავსებულები. კლუგე პაციენტების მკურნალობის საკითხებით დაინტერესდა. კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ყველა იმ გამოწვევით დაინტერესდა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და დახმარებისთვის მზაობა გამოთქვა. დღესვე დავით გადელიამ მედიასთან ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შედეგს საფრთხე შეექმნება, თუკი რეგულაციები შემსუბუქდება.

მაშინ, როდესაც ბოჭორიშვილის კლინიკაში ჰანს კლუგესა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი სრულდებოდა, სამედიცინო დაწესებულებასთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიმართ, მათ შორის მოითხოვდნენ მის გადადგომას და მინისტრის ავტომობილის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ. აქტივისტების თქმით, ტიკარაძე არაპროფესიონალია და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც, სულ უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი იღუპება.