შეხვედრა გაზის აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებთან
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ერთი სადარბაზოს მთლიანად ჩამონგრევის შემდეგ დანარჩენ სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველია. არგუმენტად ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოჰყავთ, სადაც, მათი ინფორმაციით, ორი სადარბაზოს კრიტიკულ მდგომარეობაზეა საუბარი. ადგილობრივებს კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა, რომელმაც მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამა შესთავაზა. საუბარია კორპუსის მთლიანად დემონტაჟზე და ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობაზე, რისთვისაც ყველა ბინადრის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხზე ჯერ ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ფონიჭალას ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა. მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებას მთელი სადარბაზოს ნგრევა და გვერდითი სადარბაზოს დაზიანება მოჰყვა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.