მეწყრული პროცესი სოფელ ლაილაშში 

21:45, 26.11.2026

სტიქია ცაგერის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლაილაშიდან ადგილობრივების ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე ინტენსიური ნალექის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. დანგრეულია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ასევე დაზიანდა 20-მდე სახლი. საშიში ზონიდან 17 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათ ქირით განათავსებენ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დამეწყრილ სოფელში იმყოფებიან გეოლოგები, მაშველები, პოლიციის დანაყოფები, რომლებიც მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად შექმნილ სიტუაციას სწავლობენ. რისკების შესაფასებლად და საფრთხეების პრევენციის მიზნით მონიტორინგის ქვეშაა დამეწყრილი ზონის ახლოს მდებარე ტერიტორიები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. დაზარალებულ მოსახლეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები დაურიგეს.

მსგავსი