გზის გაწმენდითი სამუშაოები

ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დაახლოებით ერთ საათში ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება. ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა, რის გამოც საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაიკეტა.

ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, მუშაობს მძიმე ტექნიკა. ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.