გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ამ დროისთვის მოხსნილია.

პრობლემურ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე შეზღუდვები მოისხნა და მოძრაობა თავისუფალია.

გადაადგილება დასაშვებია ახალციხე-ნინოწმინდის გზაზეც. ინტენსიური თოვისა და ზვავის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალული იყო, თუმცა დილიდან მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შეზღუდვები რჩება ხულოს მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო რამდენიმე სოფელში გადაადგილება პარალიზებულია. მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგიის მიწოდებაც შეზღუდული ჰქონდა.

კურორტ გოდერძის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება თავისუფალია. იგივე წესები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზეც.