გზა ევროპული პერსპექტივიდან ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე

ბოლო წელიწადნახევარში განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში ელოდა, თუმცა მაშინ ევროკომისიამ ქვეყანას, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი წევრების – უკრაინისა და მოლდოვისგან გასხვავებით, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.

12 პუნქტის შესასრულებლად მმართველმა გუნდმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა, მაგრამ პროცესი პირველივე დღიდან მწვავე პოლიტიკური უთანხმოების ფონზე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებს თავიდანვე გაემიჯნა და პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო. ორივე მხრიდან იყო მუდმივი ბრალდებები სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობაზე, რაც თავის მხრივ, ხელისუფლებამ რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღიარებითაც გაამყარა. სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები, ხმაურიანი სხდომები – ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა კონსენსუსს ევროკომისიის ვერცერთი რეკომენდაციის შესრულებაზე ვერ მიაღწიეს. შესაბამისად, ღიად დარჩა პირველივე პუნქტი. პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირების ნაცვლად ბოლო წელიწადნახევარში კიდევ უფრო გამწვავდა.