„გვირილობა“ ქუთაისში
ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება – ამ წუთებში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება მიმდინარეობს. 20:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების გალაკონცერტი დაიწყება.
მანამდე კი, დღის განმავლობაში სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება. მოწყობილია სხვადასხვა სივრცე. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა შემეცნებით-ინოვაციური სივრცე – UniverCity. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნულ სივრცეში ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. გარემო ასევე დაეთმობა ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ სერვისებს, დასასვენებელ ზონებსა და სივრცეებს საქმიანი შეხვედრებისთვის.