გვარამიას დაკავება - ოპოზიციის გეგმები

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ოპოზიცია ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე ფიქრობს.

განიხილება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, საპროტესტო აქციებიც. თუმცა, საერთო გეგმის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრის კოორდინაცია ჯერ მიუღწეველ ამოცანად რჩება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციონერი ლიდერები ვერ თანხმდებიან, საპარლამენტო მანდატებზე ისევ უარის თქმას და საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ ბოიკოტირებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნაა, რაც მათი აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას შეაფერხებს. თუმცა, გუშინდელი განაჩენის გამო ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე დაბრკოლებას გამორიცხავს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს გვარამიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალურად გაცნობისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი