გვარამიამ საპატიმრო დატოვა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მას ციხესთან თანამოაზრეები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რვა თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა.